vulkanuri formebi - lavuri plato

 

ვულკანური მოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირზე შექმნილი ვრცელი პლატოები ან ვაკეები. წარმოიქმნება უმთავრესად ფუძე (ბაზალტური) ლავის ამონთხევის შედეგად, რომელიც იღვრება აფეთქებითი პროცესების გარეშე, რამეთუ ბაზალტური ლავისთვის ნიშანდობლივია მცირე სიბლანტე და აირების სიმცირე. შედეგად, ნაკადის გავლენით იქმნება ხმელეთის ზედაპირის რელიეფის უსწორმასწორო ფორმები. ლავური პლატოების ფართობი შეადგენს რამდენიმე ასობით ათას კვადრატულ კილომეტრს. მასზე შესაძლოა წარმოიქმნას ფარისებრი ვულკანი, შლაკური კონუსი და სხვა ვულკანური რელიეფის ფორმები. ზოგჯერ, ლავური პლატო არის კონკრეტულად რომელიმე ვულკანის ნაწილი. ლავური პლატოები ხშირად დაკავებულია ტბებით. დამახასიათებელია კანიონისებური ხეობები.

სავარაუდოდ, ხმელეთის ყველაზე ვრცელი ლავური პლატო (თულეანის პლატო) არსებობდა პალეოგენში, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სექტორში, რომელსაც ეკავა ფართობი 1,8 მლნ. კმ². მოგვიანებით პლატომ დაძირვა განიცადა, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ვრცელი ოკეანური აუზი. დღეისათვის არსებული ყველაზე მსხვილი პლატოებია: კოლუმბიის პლატო (აშშ) და ონტონგ-იავის პლატო (წყნარ ოკეანეში). მნიშვნელოვანია აგრეთვე: სომხეთის მთიანეთი, დეკანის ზეგანი და სხვ.

ლავური პლატოები გავრცელებულია საქართველოშიც. აღსანიშნავია ახალქალაქის ლავური პლატო, რომელიც შეადგენს ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილს. აგებულია ქვედა მეოთხეული (ზედაპლიოცენური) დოლერიტული ლავებით და მათთან დაკავშირებული ტბიურ-მდინარეული ნაფენებით. პლატოს ლავები უკავშირდება ჯავახეთის ქედის სამხრეთი ნაწილის ვულკანურ ცენტრებს.

ზედაპირი ბრტყელია, თუმცა აქა-იქ გართულებულია მცირედ ამაღლებული ბორცვებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ამირანისაგორა (სიმაღლე - 1884 მ, შეფარდებითი სიმაღლე 200 მ). არის ვულკანური გენეზისის ტბები, რომლებიც წარმოადგენენ ნაშთებს იმ წყალსატევებისა, რომლებმაც ამოავსეს ლავური განფენის ზედაპირის პირველადი უსწორმასწორობანი და ლავებით გადაკეტილი ხეობები.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ყელის ზეგანი, რომელიც შეიქმნა მეოთხეული ვულკანების მოქმედების შედეგად. წარმოადგენს ლავურ ფარს, რომელიც დაბალი საფეხურებით ეშვება სამხრეთით - არხის ქედისკენ და აღმოსავლეთით- არაგვის სათავეებისაკენ. არის ტაფობები. პლატოდან გაწვდილია სხვადასხვა მიმართულების ლავების მეტად ან ნაკლებად გრძელი შტოები - ლავური ღვარები, რომლებიც ძველ ხეობებს მიჰყვებიან.